მაგიდა, როგორც ასეთი

ისევე, როგორც მოხარშულ კვერცხში, ადამიანშიც მთავარი არის გული.

თუ  გული გულობს, ქადა ორი ხელით რომ იჭმევა, არ-ახალია.

და ის ორი ქადისმჭამელი ხელი სამუშაო მაგიდასაც სულ სხვანაირად, თავისებურად, რაღაცნაირად, – გულიანად რომ მოაწყობს, საიდან სადაო, ცოტა უხერხული გადასვლაა, მაგრამ სადაც კვერცხი და შლოპანსია, იქ ვის უკვირს ასეთი გადასვლები?!

სამუშაო მაგიდის კულტი ჩვენ ოჯახში იმთავითვე იყო. მე და ჩემი დები ერთმანეთის მიყოლებით მივედით სკოლაში. ასე რომ, უკვე ნინოს გამესამეკლასელებისას, დადგა საჭიროება, სამ ბავშვს ცალ-ცალკე ემეცადინა, რადგან ერთ მაგიდასთან ამის მოხერხება, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

დანარჩენი დებით გამოწვეული ხმაურის მომიზეზებით, ნინო, ძირითადად, მღეროდა, მარი ტიროდა და თეონა – თამაშობდა. მაგიდის ქვეშ ერთმანეთს ფეხებს ურტყამდნენ და თან თვალით თითოეული მათგანი მეორეზე ანიშნებდა მესამეს, – მე კი არა, ეს იყოო. .

ჩვენი სამეცადინო მაგიდები იმ დროიდანვე ნათლად ასახავდა ჩვენ განსხვავებულ ხასიათებს:

ნინოს მაგიდა ყოველთვის უაღრესად არეული იყო. მას გარშემო ჰყავდა შემოკრებილი არა მარტო იმწლევანდელი, არამედ შარშანდელი სახელმძღვანელოებიც, კლასგარეშე ლიტერატურა და საბავშვო წიგნების ყდებში ჩასმული სადიდო წიგნები.

თეონას მაგიდა, პირიქით, იმდენად დალაგებული, მოწესრიგებული, სწორხაზოვანი და გაკრახმალებული იყო, თითში რომ შეგრჭობოდა, სისხლი წამოგივიდოდა.

თქვენ მონა-მორჩილს რაც შეეხება, აქაც სამეუფეო, შუალედურ გზას ირჩევდა და არც ძალიან ალაგებდა, არც  – ურევდა.

დროთა განმავლობაში ვიცვლებოდი მე და იცვლებოდა ჩემი სამუშაო მაგიდა. ჩემის ღრმა რწმენით, ძალიან არაპრაქტიკული, დროშჳ გაწელილი და ჯანმრთელობისთვის საზიანო რამაა ადამიანის გასაცნობად მასთან ერთად 13 ფუთი მარილის შეჭმა.

ამისთვის უმფრო მარტივი გზები უნდა მოიძებნოს, მაგ: ჩემი სამუშაო მაგიდა ჩემი სულის სარკეა! ანუ, მაჩვენე შენი სამუშაო მაგიდა და გეტყვი ვინ ხარ შენ!

დღესდღეობით, ჩემი სულის სარკე ასე გამოიყურება: იგი ჩვენი სახლის უკონკრეტულფუნქციო ოთახში, აღმოსავლეთის კედელთანაა მიდგმული. კედელზე ბევრი მნიშვნელოვანი ქაღალდია მიმაგრებული: ფოტო, რომელზეც ჩემი და ჩემი ორი მეგობრის ლანდებია მცხეთის ყველაზე ცნობილ, მტკვარ-არაგვის გადაკვეთის ჩრდილების ფონზე; დერმატოლოგის დანიშნული დიეტა, რომლის მიხედვითაც არაფერი მეჭმევა, გარდა ბალანდისნაირი დელიკატესებისა; შარშანდელი გამოცდების ცხრილი, ლურჯი და წითელი ლაინერებით მინაწერით, “ჩავაბარე ყველა”!, შარშანდელი კალენდარი (იმიტომ, რომ წლევანდელი ჯერ არ მიყიდია), საქართველოს 2 რუკა, სიძის მიერ პეწერბურგიდან გამოგზავნილი მაცივარზე მისაკრობი სუვენირი და სხვა მრავალი შედევრი…

უშუალოდ, მაგიდაზე, ოთხ რიგადაა ჩამწკვრივებული წიგნები, რვეულები, თაბახის ფურცლებიანი საქაღალდეები, კუთხეშია ლურჯი, კალმების ჩასაყრელი კოლოფი, ნინოს ნაქონი; ორი ცალი სტეპლერი, შავი და ლურჯი,  – მეტი არ მაქვს, თორემ მეტს დავიდებდი, იმდენად მიყვარს. სწორედ მათ ეძღვნება ისეთი ფრთიანი ფრაზები, როგორებიცაა, “ჩავაწყვე სტეპლერში 13 ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი”, ანდა, ” სტეპლერი გადავტენე! დაგხოცავთ სულყველას… ფეხებში!”, “სტეპლერმა თქვა, ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო…”  და ა. შ.

სამაგიდო წიგნის ფენომენი, როგორც ასეთი, არ მაქვს. იმიტომ, რომ,  4 წლის ასაკიდან ვკითხულობდი თავმოყვარე, მსუქან, ღიპიან წიგნებს და 20 წლის შემდეგ უკვე სამაგიდო ბიბლიოთეკა დამიგროვდა.

სამუშაო მაგიდასაა შესისხლხორცებული დასაკეცი სარკე, შიგნით მოთავსებული წარბების საპუტი პინცეტით. სიტყვები არ მეყოფა იმის გადმოსაცემად, თუ რამდენად სასიამოვნო თერაპიაა, ამ პინცეტით თამაში და რამდენად პრაქტიკული ნივთია იგი.

ყაზბეგის ფოტო-კოლაჟებიანი ღია ბარათების ალბომი, რომლებსაც მხოლოდ განსაკუთრებულად ძვირფას ადამიანებს ვჩუქნი. ჯერჯერობით, გაჩუქებული მაქვს არცერთი ცალი;

ვიქტორინოქსის შინდისფერი ბევრდანებიან-ხერხიან-ღვინისგასახსნელიან-კბილისსაჩიჩქნიანი მამა დავითის ნაჩუქარი დანა;

ხელის კრემი, მორიგე შოკოლადის ფილა, ლურჯი, ვინიპუხიანი ჭიქა (თუნდაც, ცარიელი), სავარცხელი, გადამდგარი სატრფოს ნაჩუქარი ფანარი და კიდევ რაღაც წვრილმანები.

მოკლედ, კაცმა სახლიდან რომ გამაგდოს და მარტო ეს მაგიდა გამაყოლოს, სიპ ქვაზე დავსახლდები კი არა, ყატარივით ქვეყანასაც გავაშენებ ზედ.

P. S. ჩანაწერი გაკეთებულია ძალიან უცებ-უცებ, ასე რომ როდისმე დაექვემდებარება ჩასწორებას

7 thoughts on “მაგიდა, როგორც ასეთი

  1. myskyroom ამბობს:

    ahaaaaam,chemi gushindeli da dgevandeli yavis chiqebit garshemortymuli magida samdvilad chemi sulis,gulis,survilebis,yavis siyvarulis,sizarmacis da ris agar sarkea! thats true

  2. niniTo ამბობს:

    ფანტასტიური წერის სტილი გაქვს. რაც არ უნდა მისკდებოდეს თავი(აბიტურიენტული წნეხისგან), მაინც უსაზღვრო სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს. 🙂

    ,,ნინოს მაგიდა ყოველთვის უაღრესად არეული იყო. მას გარშემო ჰყავდა შემოკრებილი არა მარტო იმწლევანდელი, არამედ შარშანდელი სახელმძღვანელოებიც, კლასგარეშე ლიტერატურა და საბავშვო წიგნების ყდებში ჩასმული სადიდო წიგნები.” -ამაზე გადავყირავდი 😀 მე მაქვს მაგიდა ზუსტად ამ დღეში.

    • bantasha ამბობს:

      ძალიან დიდი მადლობა! თუ მაგიდა ნინოსავით გაქვს, ეჭვიც არ მეპარება, აბიტურიენტულ წნეხსაც ნინოსავით, ღირსეულად გაუძლებ! ეგრე იქნება, დამიჯერე! : )))

      • niniTo ამბობს:

        იმედია, იმედია…: )) გმადლობ:*
        პს. რატომ შლი გამოქვეყნებულ პოსტებს? მხოლოდ დასაწყისის წაკითხვა მომიხერხდა იმეილით და ისე მომეწონა… შენ კიდევ… ჰმ!

      • bantasha ამბობს:

        საშინლად გულისმომკვლელ ნოტაზე იყო დაწერილი და მთლად წასაშლელად ვერ გავიმეტე, მარა გავაფრაივეთე : )))

  3. pinikispalma ამბობს:

    ჰუჰ, ნინოს, როგორც სჩანს მხოლოდ გარეგნულად არ ვგავარ, ჩემი მაგიდაც მუუდამ არეულ მდგომარეობაშია… და არა მარტო მაგიდა… 🙂 კარგი იყო…

დატოვე კომენტარი