სევდიანი ჩანაწერები #1

მე მარიამი ვარ, 30 წელს მიტანებული, მგონი მაინც ახალგაზრდა, სასიამოვნო, ნაკითხი მანდილოსანი.  დაახლოებით 2 კვირის წინ შუაღამის რეისით ჩემმა დამ საქართველო დატოვა. მე სახლში დავბრუნდი და მარტო ცხოვრება დავიწყე.

ვაღიარებ, რამდენიმე დღე ვტიროდი. სულ ყველაფერზე, – თეონას ნივთებზე, საწოლზე მიყრილ ტანსაცმელზე (გაფრენამდე 3-4 საათით ადრე ჩაბარგდა და მილაგება ვეღარ მოასწრო), გამოცარიელებულ უჯრებზე, დიდის ამბით რო დამიტოვა, გამოიყენეო. შევდიოდი მის ოთახში, ვჯდებოდი უზარმაზარ სავარძელში, მუხლებს ვიკეცავდი ცხვირთან და ვაღვარღვარებდი დუღარე ცრემლებს.

მერე, ნელ-ნელა, გადავწყვიტე, მომეკრიბა ძალა და სუფთა ფურცლიდან დამეწყო ცხოვრების ახალი ეტაპი. ძირფესვიანად მივალაგე სახლი, ავითვისე გამოცარიელებული უჯრები და ვიყიდე ბევრი კეფირი, – აღმოჩნდა, რომ როცა მარტო ცხოვრობ, უფრო იოლად შეგიძლია, არ გააკეთო არანაირი საჭმელი, სვა მარტო კეფირი და ძალაუნებურად გახდე.

არ ვარ სუქანი. მაგრამ გახდომა და ფორმაში ყოფნა დამატებითი სტიმულია მაშინ, როცა ცხოვრებას სულ ახლახანს აქვს აზრი დაკარგული.

სახლის დალაგება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მარტო ცხოვრობ. ჰოლივუდური ფილმებიდან მაგის მეტი რა ვიცი, ნიჟარას გასარეცხი ჭურჭლით ავსებენ, მთლიანად სახლს – ცარიელი ლუდის ქილებით და მერე ბომჟდებიან ხოლმე.

აგრეთვე, გადავწყვიტე, დღიური მეწარმოებინა. დროთა განმავლობაში, რადგან მაღალი სიცოცხლისუნარიანობით გამოვირჩევი, იქნებ, ეს ჩანაწერები ვინმესთვის საინტერესოც აღმოჩნდეს, მაგალითად, დამწყები მარტოხელებისთვის.

აქედანვე ვიცი, ზოი საგის ონლაინგოგოს ჩვეულებრივად ჩვეულებრივი პოსტების მსგავსად, ვერ დავაგროვებ რამდენიმე k ნახვას; ისიც ვიცი, რომ ვერ ვიქნები ანე ფრანკივით დრამატული, ვერც ედრიან მოულივით ინტელექტუალი. მაგრამ ეს ვერაფერი ხელისშემშლელი მიზეზია, გადაწყვეტილებაზე უარის თქმა რომ მაიძულოს.

ბოლო-ბოლო, მე ხომ 30-ს მიტანებული ნაკითხი, განათლებული და ზომიერად ფერხორციანი მანდილოსანი ვარ. ესეთები კი იოლად არ ნებდებიან.

Advertisements

მომავალი ფსიქოთერაპევტის ჩანაწერებიდან..

ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან მოვდივართ. ოღონდ, ბავშვი გაჩნდა ჯერ თუ მშობელი, გუგლმაც არ იცის. ასე რომ, სულ თავიდან ვინ დაიწყო სტერეოტიპების შექმნა, ძნელი სათქმელია.

ფაქტი კია, სულ, სულ ჩვილობიდან როგორ გვისაზღვრავენ უფროსები მომავალს: სკოლას რომ დაამთავრებ, უნივერსიტეტში უნდა ჩააბარო და ოჯახი შექმნა; უნდა იყოლიო შვილი, რომ სიბერეში პატრონი გყავდეს; პროფესორების ოჯახია და სულ მენტალური ჩამორჩენილობა რომ გქონდეს, შენც პროფესორი უნდა გამოხვიდე; თუ მამა პომიდორს არ ჭამს, ბიჭი რაზბორკებში უნდა აღიზარდოს; თუ ძმა რაზბორკებზე აღიზარდა, ორი თავი თუ არ გაქვს, მის დას როგორ უნდა შეხედო და ასე უსასრულოდ…

(ერთერთი) აუცილებელი მოთხოვნაა, გყავდეს შვილი. გინდა, არ გინდა, მზად ხარ, არამზადა ხარ, სძინავს შენში პედაგოგს თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ახალშექმნილ ოჯახში შვილი მალე დაიდოს, ეჭვები რო არ გამოიწვიოს სამეზობლო-სანათესაოში.

ჩემი ობივაწელური გაგებით, შვილი ორი ადამიანის, სიყვარულით ან მინიმუმ, გააზრებით შექმნილი საერთო პროექტი მაინც უნდა იყოს და არა – ვალდებულება ან მოვალეობა.

თორემ ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე მნიშნელოვანი პერიოდი, ჩვილობისა და ყრმობისა, როცა ის იმ პიროვნებად ყალიბდება, რომელმაც შემდგომში საზოგადოება უნდა შექმნას, შესაძლოა, არა მისი აღზრდის, არამედ დეგრადირების პერიოდად იქცეს.

ჯერ ძალიან შორია ჩემ გაპროფესიონალფსიქოთერაპევტებამდე(!), მაგრამ განა რა სპეციალური განათლება უნდა სჭირდებოდეს იმის ცოდნას, რომ 2-3 წლის სიფრიფანა, ფეხზე ახალგავლილი სათუთი ბავშვი ფეხით არ უნდა ჩამოვკიდოთ, ფანქრით კედელს თუ დაჯღაპნის, საჭმელს თუ დაიწუწებს, უმცროს ძმაზე თუ ეჭვიანობს, უმიზეზოდ(!) თუ ტირის მთელი ღამე, ჭურჭელს თუ ამსხვრევს და ა. შ.

რომ, არ უნდა ჩავუნერგოთ საკუთარი თავის უმნიშვნელოობა და უსარგებლობა, ან სხვების სიძულვილი. რომ მაშინ, როცა ის ყველაზე მეტად თქვენგან უპირობო სიყვარულს საჭიროებს, თქვენ თქვენ თავსაც არ უტყდებოდეთ, – თუ ასე აუცილებელი იყო, გერჩივნათ, პირდაპირ გაზრდილი შვილი გყოლოდათ..

რომ ბავშვი ბავშვია და ერთოთახიან ბინაში, როცა თქვენ საღამოს დივანზე მყუდროდ მოკალათება და ფეხბურთის ყურება გინდათ, თქვენ შვილს, უბრალოდ, არ შეუძლია, მინიმუმ 90 წუთი უსიტყვოდ და გაუნძრევლად ჯდომა..

რომ ბავშვი ისევდაისევ, ბავშვია, სრულიად ქვეცნობიერი არსება და ის გაცილებით უკეთ გრძნობს იმას, რასაც თქვენ მის მიმართ გრძნობთ, ვიდრე ვერბალურად გამოხატულისა.

ან ის, რომ, ის სამყაროს ცენტრია და კოსმოსი მის გარშემო ტრიალებს; რომ, ოღონდ არ იტიროს და ვარდისფერ სპილოს ჩამოუყვანთ დუბაიდან; რომ თუ ის მეტ-ნაკლებად აგრესიულია, მუშტი-კრივით არ უნდა ჩაუხშოთ ეს აგრესია.. და კიდევ სხვა მრავალი..

და ამ ყველაფრის მერე, რა გასაკვირია, არაჯანსაღი საზოგადოება თუ ვიქნებით.

როგორც წესი, ჩვენ გვასწავლიან უკვე გამზადებულ, ათასგზის აპრობირებულ სწორ აზრებს, მაგრამ არ გვასწავლიან სწორად აზროვნებას. მერე, ჩვენც ვიზრდებით და ჩვენ აღსაზრდლებსაც დაღეჭილ ლუკმებს ვატენით პირში. შვილებს ღეჭვისთვის ყბების დასაღლელად როგორ გავიმეტებთ..

და იქნებ, მანამ, სანამ შვილების აღზრდას მივყოფდეთ ხელს, ჯერ დამწყები მშობლების სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისთვის გვეზრუნა?

მართალია, თავმოყვარე ქართველ ბებიაზე უკეთესად, განა ვინ იცის, როგორ აღაზრდევინოს შვილს შვილიშვილი, მაგრამ, იქნებ მაინც ღირდეს დაფიქრებად..

დედა რო მყოლოდა…

იგულისხმება, მყავდა (არც კომბოსტოში ვარ ნაპოვნი, არც წეროს მოვუყვანივარ)…

… კიდევ რო მყოლოდა, ახლაც…

დილაობით, მაღვიძარას დარეკვამდე, გამაღვიძებდა შუბლზე კოცნა და გლუვი კანის შეხება ლოყაზე..

დასვენების დღეების დილაობით, გაღვიძების მერე, ალბათ, ერთად დავსხდებოდით საერთო ოთახში, ტელევიზორი თავისთვის იზუზუნებდა, ჩვენ დავლევდით ფინჯან ყავას, მივატანდით კარაქიან პურს, შოკოლადს და სიმინდის ფქვილის მშრალ ნამცხვრებს.. და ვიჭორავებდით 🙂

დედა რო მყოლოდა, მე კიდევ ერთი მზე მეყოლებოდა.

დედა რო მყოლოდა, ყოველთვის, როცა თავს ქარიშხლიან ზღვაში ჩაშვებულ ქაღალდის გემად ვიგრძნობდი, მეცოდინებოდა, რომ სადღაც არსებობს საიმედო ნავსაყუდელი.

ან იქნებ, ნავსაყუდელზე მეტიც, – ღმერთი, რომელიც თავსაც კი გაწირავდა, ის ქარიშხლები რო აერიდებინა ჩემთვის.

დედა რო მყოლოდა, ჩვენ ალბათ ხანდახან ვიკამათებდით, ვიჩხუბებდით (ბოლო-ბოლო, ადამიანები ვიქნებოდით და..) და ჩვენი გაბუტვა გაგრძელდებოდა ჩემი პირველივე სახლიდან გასვლამდე: წლების მანძილზე, მასთან დაუმშვიდობებლად მეზობელთანაც კი არ გავსულვარ ორი თავი ხახვის სათხოვნელად.

როცა მე და დედა ვიჩხუბებდით ან ვიკამათებდით, ალბათ, გავიხსენებდი ხოლმე იმ დროს, როცა ის ავად იყო და იმას, როგორ მეშინოდა მისი დაკარგვის. მერე ალბათ ტირილით მოვუბოდიშებდი და ისიც იტირებდა (ცრემლუხვობისკენ მიდრეკილება მისგან გამომყვა).

დედა რო მყოლოდა, ჩვენ გვექნებოდა საერთო გარდერობი და მე ვიამაყებდი, როცა ის ჩემ მაისურებსა და სარაფნებში თავისუფლად გამოწყობოდა, მე კი არ შევარჩენდი არცერთ ახალ აქსესუარს, თვალებში შევხედავდი და თავხედურად განვუცხადებდი, რომ ძალიან ახალგაზრდულია და მას აღარ შეეფერება.

დედა რო მყოლოდა, ჩვენ ხანდახან ერთად ვივლიდით სტუმრად მის მეგობრებთან და მე ვიამაყებდი, რომ ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ქალის შვილი ვარ. ტრანსპორტში გადავიხდიდი მგზავრობის საფასურს და ისიც იამაყებდა, – გოგო მომესწროო.

დედა რო მყოლოდა, ის არასოდეს დაიწუნებდა ჩემ ყველაზე წარუმატებელ კულინარიულ ექსპერიმენტსაც კი, თუნდაც იმიტომ, რომ, ჩემ აყვირებას, ისევ რამდენიმე აბი ომეპრაზოლის გადაყლაპვა აჯობებდა.

დედა რო მყოლოდა, ზაფხულობით ისევ წამათრევდა ხვეწნა-მუდარით სოფელში, ჩამოკრეფდა ალუბალს და მერე საშინლად შემრცხვებოდა დიდუბიდან ვაგზლამდე ვედროებით მგზავრობის.

დედა რო მყოლოდა, მაინც ვერ მიპასუხებდა ვერასდროს, რატო გამომყვა მისი თმა და მამას თვალის ფერი, როცა მე მამას კულულა თმასა და დედას მწვანე თვალებზე ვოცნებობდი.

დედა რო მყოლოდა, მე გავუხსნიდი ფეისბუქის ანგარიშს. რამდენიმეთვიანი წვალების მერე, ის დამოუკიდებლად შეძლებდა სოციალურ ქსელში ნავიგირებას და ყველა ფოტოზე წამიწერდა, რომ ძალიან ვუყვარვარ, ულამაზესი და უჭკვიანესი ვარ. მერე, გააზიარებდა ამ ფოტოებს თავის კედელზე, არიქა, ნახეთ, რა მაგარი შვილი მყავსო.

დედა რო მყოლოდა, ჩემი მეგობრები ხშირად ივლიდნენ ჩემთან და ისიც ფარული სიხარულით უსაყვედურებდა, თქვენი გათამამებულია ეს ქალბატონიო.

დედა რო მყოლოდა, ყოველთვის თვალზე ცრემლმომდგარი წაიკითხავდა ჩემ ნაჯღაპნებს და ჩემსავით დაიჯერებდა, რომ წერა ნამდვილად ჩემი საქმეა. გადმოიწერდა ყველაფერს ბლოკნოტში და ჩანთით მუდამ თან ატარებდა.

უსასრულოდ შეიძლებოდა, ამ ვარაუდების გაგრძელება. ასე მგონია, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, დედა რო მყოლოდა. ანდა, როგორ შეიძლება, არ იყოს ყველაფერი სხვანაირი, როცა ორი მზე გყავს.

ძალიან ცოტა ყოფილა 22 წელი დედასთან და უსაშველოდ ბევრი, – 4 წელი მის გარეშე. ასეა თუ ისე, ის ერთადერთია, ვინც ტკივილამდე მენატრება. იქნებ დაუჯერებელია, მაგრამ დედასთან დაკავშირებული, ტკივილიც კი არაა აუტანელი. მე ის დღეს მეტად მიყვარს, ვიდრე 4 წლის წინ. ალბათ ესაა სიყვარული, ამ სიტყვის ყველაზე ჩემეული გაგებით 🙂

უბრალოდ, ავდექი და წამოვედი

..მოგვიანებით, როცა არაერთხელ მომიწია ახსნა-განმარტების კეთება, თუ რატომ მოვიქეცი ასე (სულელურად), არაერთხელვე ვაღიარე, ასე დაუფიქრებლად მეგობართან ერთად მყუდრო კაფეში დაჯდომა, ფეხის ფეხზე გადადება, ფინჯანი ყავის დალევა და ჭორაობაც კი არ გადამიწყვეტია.

მაშინ კი, 3 იანვარს, შუადღის დაახლოებით 4 საათზე, ყოველგვარი დაფიქრებისა და ნერწყვის ჩასაყლაპად ან ჩასასუნთქად გასაკეთებელი პაუზის გარეშე, უბრალოდ ვუთხარი, რომ წავიდოდი.

ხოდა, ავდექი და წავედი. ერთი უზარმაზარი რუკზაკით, ხელჩანთით, სქელ კაშნეში ჩაღუნღულებული მივადექი იმ მთებს, რომლებიც პირველად ზუსტად 21 წლის წინ ვნახე, მაშინ, როცა 5 წლის ასაკში ბებიამ თავისთან წამიყვანა დასასვენებლად.

…კობი-გუდაურის უღელტეხილის გადავლის მერე, ავტობუსი ვეძის მინერალურ წყლებთან გაჩერდა. სხვა მგზავრებთან ერთად ბებიაც ჩავიდა წყლის ასაღებად და მძღოლმა ძრავა რომ ჩართო და წასასვლელად მოემზადა, ჯერ კიდევ არ იყო ამოსული.

მე ტირილი დავიწყე, ამ უზარმაზარ მთებში უეჭველად დაკარგვა მემუქრებოდა მის გარეშე: ვეღარასდროს ვნახავდი დედას, დებს, პაპას, რეზიკოს (რბილ, რეზინის კურდღელს) და ნანას (რეზინისავე კატას), ვეღარ შევჭამდი ვაფლიან შოკოლადებს.. მოკლედ, თუკი ავტობუსი ბებიას გარეშე წავიდოდი, მე მოვკვდებოდი!

სანამ გვერდით მსხდომი ფუმფულა ქალები მამშვიდებდნენ, ბებია ამოვიდა და მთელი ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ასეთი სიყვარული არასდროს მიგრძვნია მისდამი 🙂

მერე, მგზავრობის დასრულებამდე, მის მკლავს აღარც მოვცილებივარ.

ალბათ, 6 წლის ვიქნებოდი, პირველად ნამდვილი, ცოცხალი ცხენები რომ ვნახე, შავი და ყავისფერი. რათქმაუნდა, ხევში. ჩემმა ფანტაზიორმა გონებამ ისინი ლურჯ და წითელ, მფრინავ რაშებად აღიქვა და მერე კლასელებთან და მეზობლებთან დიდხანს მქონდა სატრაბახოდ.

იმ ღრმა ბავშობის მერე, წლები გავიდა იქაურობის გარეშე. მერე, უკვე დიდი გოგოები რომ ვიყავით და დამოუკიდებლადაც გვიშვებდნენ მშობლები დასასვენებლად, ჩემ ცხოვრებაში სიონ-გარბანის არდადეგები შემოვიდა, როგორც მეგობრის სოფელი, მთა, სუფთა ჰაერი, განტვირთვა და მოკლედ, ყველანაირად კარგი დასასვენებელი ადგილი მოზარდებისთვის 🙂

სიონის მე-12 საუკუნის ციხის წინ თითქმის ყოველ დილა ავდიოდი, ისე ადრე, როცა ყველას ეძინა. ვჯდებოდი ციხის ძირში და დაუღალავად გავყურებდი მთის ფერდობზე შეფენილ სოფლებს, თერგს, ქაბარჯინას..

ღამეც ავდიოდი, ვწვებოდი გულაღმა, ცაზე უამრავზე უამრავი ვარსკვლავი იყო და ყოველი მომდევნო ვარსკვლავის ჩამოვარდნაზე, ვოცნებობდი, არასოდეს წავსულიყავი აქედან.

რათქმაუნდა, ამას მარტო ვარსკვლავების და მთების სიყვარული არ მაოცნებებდა. ჩვეულებრივი სიყვარულიც, – აი ისეთი, ქარაფშუტა მოზარდებს რომ ახასიათებთ, რომ ჰგონიათ, მთელი ცხოვრება გაჰყვებათ და ცხოვრების დასასრულად სულაც არ მოისაზრებენ მომდევნო რამდენიმე თვეს 🙂

პირველად, ხელი და გულიც აქ მთხოვეს. და მე არ დავთანხმდი. იმიტომ, რომ მომერიდა 🙂

კიდევ წლების მერე, დედას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის მერე, ჩემმა უფროსმა მეგობარმა, შაბათის ერთ შემოდგომის მზიან, მშვიდ შუადღეს, მცხეთა-თბილისის ტრასაზე მოატრიალა მანქანა და დარიალის სანახავად წამიყვანა. იცოდა, ხევი ყოველგვარ სტიმულატორზე უკეთ იმოქმედებდა ჩემ გუნება-განწყობილებაზე.

დარიალის ახალაშენებულ მონასტერში, მადლობის ნიშნად, მეგობრისთვის, რაიმეს ყიდვა მინდოდა სამახსოვროდ. მაგრამ, რადგან საფულე მანქანაში იყო, ჯიბეში მხოლოდ რკინის 2-ლარიანი მეგდო, ხატები კი უფრო ძვირი ღირდა, უხერხულად ვწრიალებდი სასანთლესთან. იქვე მჯდომ ბერს გაეღიმა, სახელი მკითხა და მერე ერთერთი ხატი აიღო და მაჩუქა.

მერე გამომელაპარაკა ჩემი შავი (აშკარად მგლოვიარე) სამოსის გამო და ის საუბარი, ზუსტად მაშინ, როცა ყველაფერი არეულ-დარეული იყო და ცხოვრება დამთავრებული მეგონა, აღმოჩნდა იმგვარი, როგორებიც თითებზე ჩამოსათვლელად თუ გვიწევს მთელი არსებობის მანძილზე, მაგრამ მთელ არსებობას კი განაპირობებენ ხოლმე.

კიდევ ერთი წლის მერე (ანუ, შარშან), მეგობართან ერთად არაერთი მძაფრი ქრონიკების დღე გავატარე ხევს. და საერთოდ, ჩემი და ხევის ურთიერთობა იმდენ მოგონებას ითვლის, ისევდაისევ, სქელტანიანი წიგნი თუ დაიტევს. და არა, ბლოგის რამდენიმე ფარატინა ფურცელი..

… და რა გასაკვირია, იმ ნაცრისფერი 3 იანვრის შუადღეს, ასე დაუფიქრებლად, ამოუსუნთქავ, ნერწყვჩაუყლაპავად რომ დავთანხმდი. ავდექი და წამოვედი.

ჩემი აქ ყოფნის დაახლოებით 3 თვის მანძილზე, თითოეული, ყველაზე უმოქმედო დღეც კი, იმდენი შეგრძნებებითა და განცდებითაა გაძეძგილი, სხვაგან, სხვა დროსა და სიტუაციაში, ალბათ წლები რომ ვიმყოფინებდი.

სიძნელეები? ოხრად, თავზე საყრელად, მუქთად. იმ ვარსკვლავებზე მეტია, აქ რო იცის, მომწენდილ ციან ღამეობით.

და მაინც.. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ისევ ავდგები, უკან ჩავალაგებ ჩემ რუკზაკს და ხელჩანთას, აცრემლებული მოვავლებ თვალს დარიალს, მყინვარს, გერგეტს, თერგს, ფანშეტს, ყუროს, არშას, სიონს, გარბანს, მერე კობს და მერე გადმოვალ უღელტეხილზე..

მჯერა, რომ როდისმე ისევ დავბრუნდები.. ანდა, იქნებ, არც დავბრუნდე 🙂 ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე ვიცი, რა არის სიყვარული. ამისგან ნამდვილად შეიძლება მოკვდეს კაცი.

ჩახუტებით გადადის სითბო და სიყვარული

ჩემი და დედას ჩახუტებების ქრონიკა ალბათ ჯერ კიდევ სამშობიარო ბლოკში ან პალატაში დაიწყო, სადაც ვარდისფერი ხორცის მუთაქა პირველად მიმიყვანეს მასთან, ერთმანეთის გასაცნობად.

მე იმთავითვე დიდად ჩამოუყალიბებელი და გაუგებარი ვინმე ვიყავი, ამიტომ, საწყის ეტაპზე დედას მოუწია აქტიურობა. მეხუტებოდა ყოველთვის, როცა მეძინებოდა, როცა ჩაბჟირებამდე გავკიოდი უმისამართოდ, როცა მშიოდა, როცა, თვითონაც არ ვიცოდი, რა მინდოდა…

ან უბრალოდ, როცა არც მშიოდა, არც გავკიოდი და არც მეძინებოდა. მაგრამ მეხუტებოდა მაინც. იმიტომ, რომ, დედა იყო და საკუთარ თავზე მეტად ვუყვარდი ეს თმაგაქუცული, ძირმაგარებიანი და ალალად რომ ვთქვათ, დიდად შეუხედავი მობავშვო სუბიექტი.

მერე, ნელნელა, ჭკუაში რომ ჩავვარდი და მეხსიერებაც მეტ-ნაკლებად განიმივითარდა, მეც ვისწავლე ჩახუტება: დედამიწის ზურგზე, ვერცერთ ციხე-სიმაგრეში, მუზარადებიანი რაინდების გარემოცვაში ვერ იგრძნობს ალბათ თავს ისე დაცულად ვერცერთი სულიერი, როგორც წიწილა კრუხის ფრთებქვეშ.

ვეხუტებოდი, როგორც წიწილა და არავის და აღარაფრის მეშინოდა ქვეყანაზე. ღამე მარტო დარჩენის მაშინ კი არა, ახლაც ისტერიულად მეშინია. და არ ვიძინებდი, თუ დედას ხელი არ მქონდა ჩაღუჯული ორივე ხელით.

და ბუნდოვნად მახსოვს, თითქმის ჩაძინებულს, როგორ მაცლიდა ლოყიდან ხელს ფრთხილად, მე ვხვდებოდი, მაგრამ გაპროტესტების თავი უკვე აღარ მქონდა, ის მიკეცავდა საბანს საგულდაგულოდ, მკოცნიდა ნიკოფსიიდან დარუბანამდე გადაჭიმულ შუბლზე და ფეხაკრეფით გადიოდა ოთახიდან.

მერე, კიდევ გადიოდა დრო, მე დიდი გოგო ვიყავი და მრცხვენოდა ჩახუტების. თუმცა, როცა ცუდად ვიყავი, ფეხებზე ვიკიდებდი დიდობას და კალთაშიც უნამუსოდ ვუხტებოდი და მის მკერდშიც უნამუსოდ ვქვითქვითებდი ცრემლების დაშრობამდე.

მაგრამ ჩვენი ნამდვილი ჩახუტებები კიდევ მერე დაიწყო, თითქმის ბოლოს, მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე.

აი, იმის მერე, თამუნა ექიმმა თვალი რომ ვეღარ გამისწორა და მიკიბ-მოკიბულად დაიწყო იმის ახსნა, რომ ‘.. არა, ეს პროცესი შეიძლება წლობით გაგრძელდეს და მედიცინაში ისეც მომხდარა, რომ ყველაზე განწირული პაციენტები გამომჯობინებულან..’

მერე მოვდიოდი მთიდან დაგორებული თოვლის ზვინივით ონკოლოგიურის ურემონტო და საფეხურებაცვენილ კიბეებზე. ქვეყანაზე, ძალა არ იყო ჩემი შემჩერებელი და ვბღაოდი ისე, როგორც ცხოვრებაში იშვიათად შეიძლება იტირო ადამიანმა 🙂

აი, მაგ დღიდან მარტო ჩვენმა ჩახუტებებმა კი არა, საერთოდ, საერთოდ ყველაფერმა სხვა სახე და აზრი შეიძინა ჩემ გარშემო. და ჩახუტებისასაც, ვეხუტებოდი არა ერთჯერადად სითბოს გამოსახატად, არამედ, მთელი მის გარეშე გასატარებელი ცხოვრების მარაგის დასაგროვებლადაც..

ვეხუტებოდი უსაშველოდ გამხდარ, გაცრეცილ, სიფრიფანა სხეულზე და ვგრძნობდი მისი გულის ფეთქვას, ისე, როგორც საკუთარს. ვეხუტებოდი და კბილს კბილზე ისე ვაჭერდი, დღედმდე მიკვირს, როგორ არ ჩამეფშვნა რომელიმე 🙂

და მერე, მისი სულ ბოლო წუთები როცა დადგა, ჩემი 26 წლის მანძილზე, თუკი რაღაც მიღირს გასახსენებლად და ღირებულად, სწორედ ის, რომ მის გვერდით ვიყავი, ის კი ჩემთან იყო და თავსაც მეტნაკლებად მაინც ალბათ ისე გრძნობდა, როგორც წიწილა კრუხის ფრთებქვეშ. და ასე ჩახუტებული გავაცილე თავის დიდ გზაზე 🙂

და სწორედ ამეების და უფრო მეტად, იმეების გამო, რაც აქ არ დამიწერია, ხანდახან, როცა ფანტაზიას გასაქანს ვაძლევ და ვფიქრობ, რა იქნებოდა ის ერთადერთი სურვილი, რასაც გამოვარჩევდი ყველა სხვისგან და დავაყენებდი ყოველგვარ სხვა მატერიალური და მორალურ მოთხოვნილებაზე მაღლა, უკონკურენტოდ ეგაა, – დედასთან ჩახუტება.

ალბათ იქნებიან გარშემო ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად და ცინიკურად გამკილავდნენ, დამაბრალებდნენ მანიპულატორობას, მამაძაღლობას და ათას ჯანდაბას. და მე არ გამიკვირდებოდა, – ადამიანების ღირებულებები ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც თავად ადამიანები.

დაე, იყოს თქვენთვის ძვირფასი ის, რაც თქვენ გაგიხარდებათ. მაგრამ თუკი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩახუტებიხართ დედას ისე, როგორც ჩვენ ვეხუტებოდით ერთმანეთს და მერე, თუკი თქვენ ცხოვრებაში დადგებოდა დრო, როცა ამის საშუალება აღარ გექნებოდათ, დამიჯერეთ, თქვენც ჩემსავით ბანალურად, ყოველგვარ ლამობორგინებსა და სრა-სასახლეებზე მაღლა სწორედ ასეთ ჩახუტებას დააყენებდით და სხვა ვერაფერს 🙂

დაასათაურეთ სურვილისამებრ ^_^

ადრეც არაერთხელ შემინიშნავს, თუ რა ძნელია მარიამ ელიაშვილობა. იმდენად ძნელი, რომ ხანდახან ყოფას მოგაძულებს ადამიანს. მაგრამ, იმავდროულად, იმდენად სასიამოვნო, საინტერესო, მოულოდნელობებით აღსავსე, მიდიხარ წინ და ბოლო არ უჩანს ახალ-ახალ აღმოჩენებს, განცდებსა და ემოციებს..

თუმცა, მარიამ ელიაშვილობა რა შუაშია, როცა, ზოგადად, ადამიანობაა ეგეთი : ) 

თუ სამეფო შესამოსელს წყლიან სათლში დავასველებთ და პოლის ჯოხზე წამოვაცვამთ, ის ჩვეულებრივი ტილო გახდება. ერთი და იგივე პროდუქტებისგანაც, შეგვიძლია ბატონის საკადრისი სადილიც მოვამზადოთ და რომელიმე პოლიტიკოსსაც დავუშინოთ, წინასაარჩევნო აგიტაციის დროს, თვალში ნაცრის მორიგი დოზის შეყრის საფასურად. 

ხოდა, ეს ყბადაღებული ცხოვრებაც ეგაა, – რესურსები თავზესაყრელადაა (ერთი ცხოვრება არც კი გეყოფა მათ ასათვისებლად) და მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებ მათ. 

მე ის გოგო ვარ, მილიონი საუკუნე როა, სქელტანიანი წიგნების წერას რო ცდილობს და დღემდე ერთსაც ვერ მოაბა თავი. 

არა, მე ის გოგო აღარ ვარ (ციკლიდან, ‘მე ის თამრო აღარა ვარ’). მე ის გოგო ვიყავი. 

რა საჭიროა მელნით თითების დათხვრა, ღამეების თევა თაბახის ფურცლების გროვაში, გამომცემლობებსა და სტამბებში სირბილი ან რეალიზატორებისთვის ხვეწნა, როცა თავად ადამიანი ხარ ორ ფეხზე მოსიარულე ცოცხალი წიგნი?! 

ჩემი ბავშვობისდროინდელი მტკიცე დაკვირვების შედეგია, – სულაც არაა საჭირო ბესტსელერობა იმისთვის, რათა საინტერესო წიგნი იყო. 

თვეზე მეტია, რაც თბილისი-სართიჭალა ჩემი ყველაზე გავრცელებული მარშრუტი გახდა. და ყოველი მგზავრობისას მარტყოფის გადასახვევთან გავლისას ისეთი მოგონებები მახსენებდნენ თავს, ამ დილას სულ რომ ტაიფუნი და ქარბორბალა ყოფილიყო, პეპისა არ იყოს, უბრალო წვიმის გამო ოცნების ახდენაზე რომ მეთქვა უარი, ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი. 

ხოდა, ასე, ყოველმხრივ ყველასგან უარყოფილმა, ჩავიცვი ჩემი ლურჯი კოლჰოტი, ლურჯი ლაბადა, მოლურჯო ფეხსაცმელები, კიდევ რაღაცები, უზარმაზარი შარფი შემოვიხვიე, ჯიბეებში ხელები ჩავილაგე და ბოლომდე ხმააწეული ყურსასმენებით გავერიდე სამყაროს. 

ყოფილხართ როდისმე აკრიანის მთაზე შემოდგომით? ხოდა, თუ არ ყოფილხართ, თავს დავდებ, მინიმუმ, ერთით ნაკლები სასწაული გაქვთ ნანახი. 

ვრცელ მთის კალთებზე შეფენილი შერეული, წიწვოვან-ფოთლოვანი ტყე, არყის, ნაძვის, მუხის, ფიჭვის, ნეკერჩხლის, თხილის, ჩემთვის უცნობი ბუჩქოვანი მცენარეების ერთდროული შეფერვა ისეთი სულის შეძვრამდე საოცარი ფერებით, რომ წამიერად შეიძლება გულიც კი გაგიჩერდეს..

აკრიანის მთაზე ღვთაების მამათა მონასტერია, რომელთანაც წლების ახლო და თბილი ურთიერთობები მაკავშირებს. და ამიტომ, ყოველთვის, როცა იქ მივდივარ, განსაკუთრებული მშობლიური  გრძნობები მეუფლება. ყველაზე ტკბილი და სასიამოვნოდ გასავლელი ხო სწორედ ის გზა მგონია, რომელიც შინ გვაბრუნებს : )  

ასვლიდან რამდენიმე საათის მერე ამოვარდა  საშინელი ქარი და სულ მალე ნისლი და ღრუბლებიც ჩამოწვა გარშემო. ციოდა ისე, რომ ერთ წყვილ ღუნღულა წინდებსა და შალში მთელ სამეფოს გავცვლიდი, რო მქონოდა. 

უკანა გზაზე დაშვებისას წვიმაც დაიწყო. ძალიან წვრილად და ხშირად ცრიდა. რამდენიმე წუთის ამბავი იყო ჩემი თავეხიანად დასველება, ამაოდ ვცდილობდი, უზარმაზარი კაშნეს ქვეშ აღმომეჩინა საიმედო თავშესაფარი. მოვდიოდი მუხლებამდე წითელ-ყვითელ ფოთლებში და თავზეც ფოთლები მეყრებოდა, სველი ფოთლები..

1 კმ-ც კი არ მქონდა გავლილი, თბილისისკენ მომავალი მანქანა რომ წამომეწია. ალბათ, ბევრი ჩემი ღირსეული ნაცნობი ზედაც არ შემომხედავდა და ჩემთან ყოველგვარ ნაცნობობას უარყოფდა, იმდენად პატარა, გაწუწული და საცოდავი ვიყავი.

თუმცა, უნდა ვაღიარო, მე ასეთი საცოდავი უფრო მიყვარს ხოლმე ჩემი თავი. როგორც ჩანს, მანქანაში მსხდომების გემოვნება ჩემსას დაემთხვა და თბილისში შემოსვლისას უკვე გულშიც ადამიანური სითბო მქონდა ჩაღვრილი და ფეხებშიც.

ახლა, როცა ჩემ თბილ სახლში მდუღარე ლიმონიან ჩაის ვეძალები პროფილაქტიკის მიზნით, ვტკბები იმის შეგნებით, რომ ადამიანი ვარ, – ორ ფეხზე მოსიარულე ცოცხალი წიგნი; 

ადამიანი, რომელსაც თხელი, მაგრამ საინტერესო ფერის თმა და ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი თვალები აქვს; 

ადამიანი, რომელიც, ხანდახან ძალიანაც აუტანელია, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადასაგდები მაინც არაა;

ადამიანი, რომელსაც მეგობრები თვალსა და ხელს შუა, სამძიმარივით ხელის ჩამორთმევითა და სახეზე გაურკვეველი, დაბნეული, უხერხული  ღიმილით ისე უბოდიშოდ ტოვებენ;

ადამიანი, რომლისთვისაც ყოფნას მაშინ აქვს აზრი, როცა სიყვარულს იღებს და გასცემს. და ამის გამო პატარა მუღანლოელი შავტუხა ბავშვები უბრალო მოსწავლეებად კი არა, მხსნელებად მოევლინნენ : )

ადამიანი, რომელსაც დასაწერი კიდევ ბევრი აქვს და დაწერს კიდეც. დაწერს მანამ, სანამ გვერდით ერთი ადამიანი მაინც ეყოლება, ადამიანი, რომელიც თავის მხრივ, თავისი თავისთვის წიგნი იქნება, სხვა წიგნისთვის კი მკითხველი..

და ა. შ. და ა. შ. : )

წერილი პაპას

რაღაცნაირად, ნეკროლოგისებური დასაწყისია, – აი, უკვე 4 წელი გავიდა, რაც შენ წახვედი. ამ ოთხ წელში იმდენი რაღაც მოხდა, მოსმენა რომც შეგეძლოს, თავადაც გამიჭირდებოდა ყველაფრის გახსენება. მაგრამ ახლა, შუაღამისას, ჩემი სახლიდან სადღაც გადაკარგულში გადმოხვეწილს, თბილ სამზარეულოში (საძინებელზე პატარაა და უფრო ადვილი გასათბობია) რომ ვზივარ, ისე უსაშველოდ მომენატრე, ორიოდე სიტყვა რომ არ მომეწერა, ჩემ ძალებს აღემატებოდა.

ჩვენი პაპა-შვილიშვილური ურთიერთობის 26 წლის წინანდელი დასაწყისი შენ უკეთ გემახსოვრება. ჩემ მეხსიერებაში კი უფრო მოგვიანებით შემოხვედი და აქამდე ასეთად დარჩი, – მაღალი, წარმოსადეგი, მოკლედ თმაშეჭრილი, მზით გლეხკაცურად გარუჯული, მწვანეთვალება, თხილით სავსე ჯიბეებით, შვილიშვილების სანახავად ყოველთვის განსაკუთრებულად, ‘პრაფისორივით’ გამოწყობილი რომ მოდიოდი ხოლმე.

როცა საუბარი იყო და არის შენზე, მიუხედავად შენი საოცარი იუმორის გრძნობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხისა, ყოველთვის ხაზს უსვამდნენ მძიმე ხასიათს. თუ რაში მდგომარეობდა ეს სიმძიმე, დიდხანს იყო ჩემთვის გაუგებარი, იმიტომ, რომ არ მეგულება მსოფლიოში პაპა (და არა – ბაბუა), უფრო მოსიყვარულე, უფრო თბილი და გულჩვილი, ვიდრე – შენ.

წლების მერე, შენი სიტყვებით რომ ვთქვა, ალბათ, ‘ჭკვაში ჩავარდნის’ მერე მიგიხვდი, – დღიდან შენი გაჩენისა, ცხოვრებას არც სატანჯველი დაუკლია შენთვის, არც განსაცდელი, არც ტკივილი. ამ ყველაფერმა კი სიტყვაძუნწი, გულჩათხრობილი, პირქუში და მკაცრი გაგხადა, ყოველ შემთხვევაში, უცხო თვალისთვის მაინც… და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ შენმა შვილმა სამი ცალი თეთრი, ნაზი, სათუთი და შენთვის მთელ სამყაროში ყველა ხატსა და საფიცარზე ძვირფასი არსება არ გაჩუქა.

ალბათ, ვერცერთი თავმოყვარე ხელოვნებათმცოდნე ვერ მოეპყრობოდა მეტი სინაზითა და სიფრთხილით ლუვრსა და ერმიტაჟში დაცულ ვერცერთ ექსპონატს, როგორც შენ – ჩვენ.

ეს უკვე სხვების მონაყოლთან ერთად ჩემითაც მახსოვს… უკვე მაისის დასაწყისში რომ უმატებდი ვიზიტებს ჩვენთან, თბილისში და მოუთმენლად ელოდი, როდის დაგვეწყებოდა სასკოლო არდადეგები, რათა მერე სრული სამი თვე, შენი სიტყვებით თუ ვიტყვი, სოფელში გაგერეკა შენი სამი ცალი ქალაქში ცხოვრებისგან ფერმიხდილი და დაუძლურებული ნაშიერი, სადაც უსაქმურობა, სუფთა ჰაერი და 24 საათიანი კვების რეჟიმი გველოდა. პაპა-ბებიები ხომ მსოფლიოში ერთადერთი ხალხია, რომელსაც თვალში ყოველთვის ვეპატარავებით : )

და მერე, სოფელში ‘ჩარეკვისთანავე’, პირველივე დღიდან, გამოგვპრანჭავდი და მთელ სოფელს ფეხით დაგვატარებდი, უჩერდებოდი ყოველ შემხვედრს და უხსნიდი (იმას, რაც ისედაც ყველამ იცოდა), რომ ეს თეთრი, ფითქინა და ფარფატა კაბიანი ბალღები შენი ქალაქელი შვილიშვილები იყვნენ და ახლა მთელი ზაფხული გვერდით გეყოლებოდნენ : )

თუმცა, ზაფხულის არდადეგებამდე კიდევ გვქონდა ერთი გეგმიური ვიზიტი. გაზაფხულზე, როგორც კი თოვლი დადნობას იწყებდა, შენ ჩამოდიოდი თბილისში იების და ყოჩივარდების უზარმაზარი თაიგულით, რაც იმას ნიშნავდა, რომ უახლოეს დასვენების დღეებში ჩვენ ჩვენი ფეხით ვიბოდიალებდით მისაქციელის ხრიოკებში, საბალახოებში, არხთან და ტყის პირას და ჩვენი ხელით დავკრეფდით მათ.

მაშინ ახსნა კი არა, გააზრებაც მიჭირდა, მაგრამ, იცი, რამხელა სასწაული იყო ჩემთვის წიგნში ნანახ ყვავილებთან ცოცხლად შეხვედრა? მთელი ცხოვრება, მეტი რომ აღარაფერი გაგეკეთებინა, ჩემთვის უძვირფასესი ამ სასწაულის ჩუქებისთვისაც კი იქნებოდი.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ნამეტანი კარგად მოჩანს მაშინდელი მისაქციელური არდადეგები. თუნდაც მარტო ის რად ღირს, ყოველ დილა 6 საათზე რომ ვიღვიძებდი, ფეხაკრეფით მივდიოდი ‘შუშაბანდში’ და ვაღებდი ფანჯრებს, საიდანც ჯერ კიდევ გრილი, ოდნავ სუსხიანი ნიავი შემოდიოდა. მე კი მომდევნო 20-25 წუთის განმავლობაში, კბილის კბილზე ცემით, აკანკალებული, მოუბეზრებელი ინტერესით ვუყურებდი, თუ როგორ იცვლიდა მთის წვერი ფერს ჭოპორტის მხარეს, ჯერ მკრთალ ყვითლად, მერე სტაფილოსფრად. როგორ გამოეყოფებოდა ჰორიზონტს ცეცხლისფერი რკალი და თვალსა და ხელს შუა როგორ გარდაიქმნებოდა იგი სითბოს, სინათლის და კარგი ამინდის მაუწყებელ დისკოდ…

მერე, რაღაცნაირად ვალმოხდილი, თავპირისმტვრევით ვუბრუნდებოდი ლოგინს და ხელმეორედ გაღვიძებულს მზე უკვე თითქმის სამი თითის დადებაზე ამოწეული, შენ კი ბაღიდან დაბრუნებული მხვდებოდი, ხან დილის ყვავილებით ან ლამაზი ფოთლების კონით, ხან – ახალშეთვალული ხილით. და მერე ყველა ერთად ვსაუზმობდით პიტნის ჩაით, ცხვრის ყველით, კარაქით, თონის პურით ან დილაუთენია გაღვიძებული დედას გამომცხვარი ცხელ-ცხელი ხაჭაპურით : )

ნებისმიერ ჩემ მეგობარს რომ ჰკითხო, გულზეც დაიდებს ხელს და კონსტიტუციაზეც დაიფიცებს, რომ მე სიმღერის გაგებაში არ ვარ. არადა, ვინ, ვინ და მე და შენ მაინც ხომ ვიცით, როგორი მსოფლიოს მასშტაბის ვოკალისტიც ვარ : ) შენ ზეპირად იცოდი მთელი ჩემი რეპერტუარი და ღამღამობით, სახლის წინ, კიბეებზე მსხდომები, ვარსკვლავებით გადაძეძგილ ცას რომ ვუყურებდით (ჩემთვის ესეც სასწაული იყო), განწყობის შესაბამის შეკვეთებსაც იძლეოდი, რა თქმა უნდა, თავისი შაბაშით : )

ზამთრის გაცილებით ხანმოკლე არდადეგებსაც სხვაგან გავატარებდით, თუ არა შენთან?! ენით აუწერელი სიმყუდროვის მაგალითია ჩემთვის მაშინდელი ღამეები, გარეთ არც ისე მუხლებამდე თოვლი რომ იდო, მშიერი ტურები რომ გაკიოდნენ სულისშემძვრელად, მინები რომ ყინვის შემოქმედებითი სულისკვეთების ასპარეზად იყო ქცეული. შიგნით კი ღუმელში ცეცხლი გიზგიზებდა, ალები კედელზე თამაშობდნენ და ხან დედა გვიკითხავდა ლამპის ან სანთლის შუქზე ინანიშვილსა და ჩოხელს, ხან შენ გვიყვებოდი შენსავე მოფიქრებულ ზღაპრებს ან ვაჟა-ფშაველას.

და ვაჟას შენეული სიყვარული იმდენად გადმომედო, აგერ, წელს უკვე მეორედ ვიყავი ფშავში და ღამღამობით კოცონთან, ორივე ჯერზე, ისევე ვკითხულობდი ‘სტუმარ-მასპინძელს’, როგორც მაშინ, წლების წინ, მთელი ოჯახი ერთად როცა ვიყავით.

მერე, წლები რომ გადიოდა, ერთ მშვენიერ დღეს, შენთვის სრულიად მოულოდნელად, მარტო, მხლებლების გარეშე ამოგაკითხე სოფელში და შენ იყავი საოცრად შეშინებული – ამხელა გზის ( თბილისიდან დაახლოებით 30 კმ) მარტო გავლას ეხუმრები? და საოცრად გახარებულიც, – დედას გამოყოლა რაკი აღარ გჭირდება, ახლა ხო ხშირად ივლიო. და მერე დიდხანს, დაუსრულებლად მიხსნიდი, როგორ მომეგნო მის სახლამდე ისე, რომ სადმე, გზაში არ დავკარგულიყავი.

თითქოს, მისაქციელის ის ძველი, სქელკედლებიან-მაღალჭერიანი თითქმის საუკუნოვანი ნივთებით გაწყობილი, სადა, უბრალო და გლეხური სახლი ჩემთვის ისეთივე მშობლიური არ იყო, როგორიც თბილისისა.

პაპა, გახსოვს, როგორ გაგიხარდა ჩემი გასტუდენტება?! სწავლას რომ მორჩები ხო შეგეძლება მასწავლებლად მუშაობა, ჩამოდი და ჩვენ სკოლაში იმუშავე, სახლთან ახლოაო (თითქოს, მეტი ინტერესი არც კი გქონოდეს).. მაშინ თავს კი გიქნევდი, მაგრამ სასაცილოდაც არ მყოფნიდა სოფლის სკოლის მასწავლებლობა.

…არც ისე ბევრი ხნის მერე თავად დავიწყე ოცნება სოფლის სკოლის მასწავლებლობაზე. და ახლა თუ გინდა, შენ არ გეყოს სასაცილოდ, ღირსი ვიქნები : )

შენი ამქვეყნად ყოფნის ბოლო პერიოდში, რამდენიმე თვე ისე გავიდა, მიუხედავად შენი ავადმყოფობისა, დედამ არ გინახულა. და გული ძალიან გწყდებოდა (თუმცა, ერთი საყვედურიც არ დაგცდენია). მაშინ ყველა ამბობდა და ჩემითაც ვხვდებოდი, დედაც ავად იყო და მისი დიაგნოზი რომ გცოდნოდა, იმ რამდენიმე თვესაც ვეღარ გაატანდი.

და ერთ არც ისე მშვენიერ დღეს, როცა შენ ძალიან ტრაგიკულად გარდაიცვალე, დედას ჯანმრთელობისა და თავზე დამხობილი პირადი ცხოვრებისგან უსაშველოდ გამოფიტულმა და ემოციებისგან დაცლილმა, სათანადო მწუხარებაც კი ვერ შევიძელი.

შენი გასვენების დღეს, მთელი დიდუბის სადგური საგულდაგულოდ მოვიარე, მაგრამ ერთი კინკილა ყოჩივვარდიც არსად იყო. მერე, მთელი 4 წელიც ისე გავიდა, ერთხელ ვერ დაგიბრუნე მცირედიც კი, იმ სიყვარულიდან, სითბოდან და სასწაულებიდან, რომელიც შენ ყოველ გაზაფხულს მოგქონდა ჩვენთან, იების და ყოჩივარდების თაიგულით.

ჩვენი 22 წლიანი ურთიერთობა იმდენ ამბავსა და ემოციას მოიცავს, შეუძლებელია, რამდენიმე გვერდში ჩატიო… და მეც, შევინახავ იმ დროისთვის, სანამ სქელტანიანი წიგნების წერას არ შევუდგები, რომელშიც შენ განსაკუთრებული ადგილი გექნება მიჩენილი.

მანამდე კი, ვივლი ხოლმე შენს საფლავზე, თქვენ საფლავზე, იქ, სადაც ჩემი ოთხი უძვირფასესი ადამიანი ერთად ხართ. ვივლი ხოლმე და ოთხივეს სათითაოდ მოგიყვებით მხოლოდ თქვენთვის განკუთვნილი გულახდილობით ჩემ ამბებს.

შენ არ ინერვიულო, პაპა! თქვენგან დატოვებული სიყვარულის მარაგი იმდენია, მათუსალას ასაკამდეც რომ ვიცოცხლო, მაინც მეყოფა. და მაპატიეთ, ამ ვალის დაბრუნებას ასე უგერგილოდ, მხოლოდ მოგონებებით რომ ვცდილობ.

…და თუმცა წერილი შეიძლება იყოს ნეკროლოგისებური, ის ნეკროლოგი მაინც არაა. ნეკროლოგებს მიცვალებულებზე წერენ. თქვენ კი, ჩემთვის, ცოცხლები იქნებით მანამ, სანამ თავად ვიქნები. და როცა აღარ ვიქნები, მერე…

როცა აღარ ვიქნები, მჯერა, რომ ერთად ვიქნებით და რაღა მნიშვნელობა ექნება, ცოცხლებს დაგვიძახებენ სხვები თუ გარდაცვლილებს? : )